ზეიმი ინგლისური
ენის ცენტრში![]() ეს საკმაოდ ლოგიკური საშობაო შეხვედრა უჩვეულო იმით გახლდათ, რომ ეს არ იყო არც სასკოლო, არც საუნივერსიტეტო ღონისძიება, არამედ ინგლისური ენის ცენტრის მსმენელთა მიერ წამოწყებული და ლამაზად ფრთაშესხმული საახალწლო ზეიმი. ამ დღემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ინგლისური ენის ცენტრში მხოლოდ უცხოური ენის დასაუფლებლად კი არ დადიან მსმენელები, არამედ იმ სასურველ გარემოში მიიჩქარიან, სადაც შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ მაღალ დონეზე შეისწავლონ ინგლისური ენა, შეხვდნენ მეგობრებს, ენთუზიაზმით სავსე მასწავლებლებს და შეიძინონ ბევრი რამ კიდევ უფრო ფასეული, ვიდრე მხოლოდ რომელიმე უცხო ენის დაუფლებაა. სწორედ ამ განწყობამ, ამ არაჩვეულებრივმა გარემომ განაპირობა ის საოცარი შემართება, რაც ამ მშვენიერი ზეიმისათვის მოკლე ვადიან მზადებას ერთვოდა თან. ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა თავიანთი გემოვნებით მორთეს სასწავლო ცენტრის ოთახები, საახალწლო სურვილებით გაალამაზეს კედლები, მოამზადეს ილუსტრირებული ინგლისურენოვანი გაზეთები, რომლებშიც კონკურსში გამარჯვებულთა სტატიები გამოქვეყნდა. ასე საზეიმოდ გამოპრანჭული დაუხვდა ინგლისური ენის ცენტრი თავის მსმენელებს, მასწავლებლებს და მოწვეულ სტუმრებს, რომელთა დიდი უმრავლესობა ისევ მსმენელთა მშობლებით იყო წარმოდგენილი. ![]() შეხვედრა ძალიან უჩვეულო გარემოში წარიმართა. ამ მშვენიერი საახალწლო წვეულების წამყვანებმა ცენტრის აქტიურმა მსმენელებმა სოფო ასათიანმა და ლევან სოფრომაძემ, სხარტი იუმორითა და დახვეწილი მჭერმეტყველებით არაჩვეულებრივად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. დამსწრე საზოგადოებას ინგლისურ ენაზე მიესალმნენ უჩა ქათამაძე და გიორგი ლელაძე, ანა ბრეგაძე, აკაკი ბაკურაძე. მარი შოთაძემ ფიფქიას როლში ხალისიანი და საახალწლო განწყობა შემოიტანა. შეხვედრა ქართულ-ინგლისური ენებისა და კულტურათა პაექრობით გამოირჩეოდა, ქართულ საკრავებს ინგლისური სიმღერები ენაცვლებიდა. წარმოდგენილი იქნა ინგლისური ენის ცენტრში სწავლების თითქმის ყველა ეტაპი. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ცენტრის ყველაზე პატარა მსმენელების მონაწილეობა, რომლებიც საახალწლო ხუმრობებით და სიმღერებით მიესალმნენ დამსწრე საზოგადოებას, ჩატარდა ძალიან საინტერესო ინტელექტუალური ტესტი ინგლისურ ენაზე, რომელიც ცენტრის მსმენელმა გიორგი გვენეტაძემ შემოგვთავაზა, და რომელშიც ყველა ჯგუფის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. გამარჯვებაც ყველაზე სხარტად მოაზროვნე ჯგუფს ერგო წილად, თუმცა ამ დღეს დამარცხებულად თავს არავინ გრძნობდა, მით უფრო, რომ ცენტრის ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებულმა საახალწლო გათამაშებამ უსაჩუქროდ არავინ დატოვა. საჩუქრებს შორის იყო საახალწლო სუვენირები, ინგლისურენოვანი წიგნები (მხატვრული ლიტერატურა) და ლექსიკონები. ცენტრის იმ მსმენელებს, რომლებიც ერთი ოჯახიდან არიან სწავლის ქირა 15 %-ით შეუმცირდათ, ხოლო გათამაშების მიხედვით ცენტრის ორ მსმენელს, გიორგი გვენეტაძესა და ნათია ქუთათელაძეს ერთი თვით უფასო სწავლება ერგოთ წილად. საახალწლო წვეულება საკმაოდ აზარტულიც აღმოჩნდა. აუქციონზე გათამაშდა წინასაახალწლო ნუგბარი _ ტორტი. იგი 50 ლარად შეიძინა დიმა კორღანაშვილმა და საჩუქრად გადასცა ცენტრის მსმენელებს. ამ მშვენიერი ჟესტით კიდევ უფრო გალამაზდა ალაფურშეტისათვის გამზადებული სუფრა. ![]() ინგლისური ენის ცენტრის ახალგაზრდობას ძალიან ვრცელი და გულითადი მოლოცვა გამოუგზავნა სახლის მასპინძელმა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპელმა მოსამართლემ ბატონმა მინდია უგრეხელიძემ სტრასბურგიდან. საახალწლო სურვილები ცენტრის მსმენელებმა უხვად მიიღეს ჩვენ ![]() კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს თანაქალაქელებს ახალ 2007 წელს და ვიწვევთ ინგლისური ენის ცენტრში, სადაც ძალიან მეგობრულ და თანამედროვე გარემოში შევასწავლით ინგლისურ ენას მაღალ პროფესიონალურ დონეზე. ასისტენტ-პროფესორი ნათია ზვიადაძე სრულად წარმოვადგენთ ევროპის ადამიანის უფლების დაცვის მოსამართლის ბატონ მინდია უგრეხელიძის საახალწლო მილოცვას. |
||
|
ქ. ქუთაისი ინგლისური ენის ცენტრის ოსტატებსა და შეგირდებს |
|
გულთბილად
მოგესალმებით ყველას, ვინც ჩემი წინაპრების კერაზე მოღვაწეობთ ამჟამად
ინგლისური ენის დასაუფლებლად და, ამის კვალობაზე, დიდ საქვეყნო საქმეთა
საკეთებლად. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, უწინარესად _ ბედნიერ შობა-ახალ წელიწადს! როდესაც სახელოვანი შალვა ნუცუბიძე საქართველოში დაბრუნდა ევროპაში ფილოსოფიურად განსწავლული, პირველი, რაც მან დამხვდურ ხალხს რკინიგზის ბაქანზევე შესძახა, ეს იყო მოწოდება: “გაუმარჯოს საქმიან საქართველოს”. კიდევ უფრო ადრე, იმავეს უქადაგებდა ქართველ ხალხს მისი უგვირგვინო მეფე ილია ჭავჭავაძე, რომელსაც ღრმად სწამდა, რომ მხოლოდ თავდაუზოგავი შრომითა და გარჯით შეუძლია საქართველოს, გახდეს მსოფლიო თანამეგობრობის თავისუფალი და ღირსეული წევრი. მას შემდეგ ბევრი რამ გადახდა საქართველოს. ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას გარეშე თუ შინაური მტრობით მიყენებული ჭრილობები. ჯერაც არ აღმოუფხვრავს სამოქალაქო, ეთნიკური თუ შიდა პოლიტიკური ომების დამთრგუნველი შედეგები. ამას ბოროტად იყენებდნენ ჩვენი მტრები და ცდილობენ, საქართველო არაფრის შემძლე და არაფრის მაქნის, დესტრუქციულ ერად წარმოადგინონ. მაგრამ ასე არ არის. თვით სიცოცხლის ლოგიკამ მოითხოვა, რევოლუციის შემდგომი პირველი Dდღეებიდანვე დაწყებულიყო საქართველოში აღდგენითი და აღმშენებობითი საქმიანობა. მეამაყება, რომ ჩემი მშობლიური ქალაქი იმთავითვე ჩაება ამ ფერხულში; ხოლო ინგლისური ენის ცენტრის დამფუძნებლები მეწინავეთა რაზმში იმყოფებიან. ეს მშვენიერი საგანმანათლებლო კერა მომავალზე მკაფიოდ ორიენტირებული პროგრესული იდეებითა და უახლესი მეთოდებით არის შეიარაღებული. თუ კარგი ხელშეწყობა იქნა, მას განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობა გააჩნია, რაც დიდ პერსპექტივას უქადის ჩვენს ახალ თაობებს, განსაკუთრებით კი ქუთაისელ ახალგაზრდობას. სწორედ ამიტომ მხურვალედ ვუჭერ მხარს მთლიანად ამ ცენტრის, მისი მესვეურებისა და სულისჩამდგმელის _ ქალბატონი მადონა მეგრელიშვილის დაუღალავ საქმიანობაში. ამასვე ვურჩევ და მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეს ოდნავ მაინც შეეხება. თქვენ კი, ძვირფასო ბავშვებო, ამ სკოლის შეგირდნო და მსმენელებო, მხურვალედ დაგლოცავთ და გისურვებთ: ისეთივე წარმატებით შეგესწავლოთ ინგლისური ენა და კულტურა, როგორითაც ჩვენი სულიერება გაითავისა ქართული კულტურისადმი თავმიძღვნილმა ინგლისელმა მანდილოსანმა მარჯორი უორდროპმა. |
||
თქვენთვის მლოცველი, |